ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ “სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI” ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “არაფორმარული განათლების ახალგაზრდული მულტიმედიური სასწავლო ცენტრი”, რომლის ფარგლებშიც ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსის ტრენინგები პერიოდულად მიმდინარეობს.
ტრენინგების თეორიულ ნაწილთან ერთად, გიდის კურსის მეორე პრაქტიკული ტური განხორციელდა – ახალგაზრდებმა ნეძვის მარშუტი დალაშქრეს.
პრაქტიკულ ტურამდე თეორიულ ტრენინგზე ახალგაზრდებმა მოისმინეს პრაქტიკოსი გიდის, „თმტური საქართველოს” დამფუძნებლის, საქართველოს უნივერსტეტის ლექტორის, თინათინ მოსიაშვილის პრეზენტაციები კულტურული და რელიგიური ტურიზმის, ეკო და სათავგადასავლო, სოფლისა და აგრო, გასტრონომიული ტურიზმის, ასევე სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეებმა იმუშავეს ტოპორუკებზეც.
მეორე დღეს კი ამავე კურსის ფარგლებში ტრენინგის მსმენელებმა მოაწყვეს ლაშქრობა ნეძვის აღკვეთილში. ნეძვურას ხეობაში, ძველ ნასოფლართან მათ მოინახულეს გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, თეოდორე ნეძველის მიერ აშენებული ნეძვის წმინდა გიორგის ტაძრის ფრაგმენტი.
ლაშქრობის მონაწილეები ესტუმრნენ სოფელ ნეძვში მცხოვრებ სამ ადამიანს და მოისმინეს მათი პრობლემებიც, რომ ისინი, ფაქტობრივად, თანამედროვე სამყაროდან მოწყვეტილები არიან, არც სატელეფონო და არც სატელევიზიო კომუნიკაციის არხები არ აქვთ. (ამ საკითხთან დაკავშირებით სამომავლოდ ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ).
ნეძვის მარშუტის დასალაშქრად მოსწავლეებს ახლდნენ ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი გიორგი ლომიძე, გიდის კურსის ტრენერი თინათინ მოსიაშვილი და ახალდაბის სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარიკა ყაულაშვილი.
აქვე გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ბორჯომის საკრებულოს ახალდაბის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ბლიაძეს, მერის წარმომადგენელს ახალდაბაში ავთო ცერცვაძეს და რეინჯერ გიორგი ლომიძეს, რომელთა დახმარების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ამ ტურის ჩატარება.
ნატო გუბელაძე