მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს წიგნიერების აქციის ტრადიციული საზაფხულო კვირეული ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, ხუთი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე, მაღალპოლიგრაფიული გამომცემლობების წიგნები გადავეცით საჩუქრად.
როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან,სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები), უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს აქცია დევიზით „წიგნი ყველა ბავშვს“ და ამ აქციის ფარგლებში მარტო ადიგენის მუნიციპალიტეტში 19 სკოლას უკვე გადაეცა მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურა.
ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთმა სკოლამ:
- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა (დირექტორი ნინო დათუნაშვილი);
- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროს საჯარო სკოლა (დირექტორი ნინო ბალახაშვილი);
- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლა (დირექტორის მ.შემსრულებელი ნონა ათოშვილი);
- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლა (დირექტორის მ.შემსრულებელი ცისანა ობოლაძე);
- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლა (დირექტორი ელზა გელაშვილი).
ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ადიგენის ბიუროს ხელმძღვანელთან, როინ აბულაძესთან ერთად სტუმრობდა ხუთივე სკოლას და მათ ბიბლიოთეკებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით.
ყველა სკოლაში, მასწავლებლებიც და ბავშვებიც დიდი მადლიერებით და სიხარულით შეხვდნენ წიგნიერების აქციას და კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად კომპიუტერული ეპოქისა, წიგნი საუკეთესო საჩუქარია დღეს სკოლისა თუ მოსწავლეებისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების წიგნადი ფონდის განახლებები ცენტრალიზებულად, ფაქტობრივად, აღარ ხდება და სკოლებს საკუთარი სახსრებით უწევთ წიგნების შეძენა, მაჟორიტარი დეპუტატის ასეთი საჩუქარი თითოეული სკოლის ბიბლიოთეკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, ხოლო მოსწავლეებისათვის – მეტი მოტივაცია და სტიმულია, რომ უფრო აქტიურად იკითხონ წიგნები.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი