საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ.
როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება.
სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა.მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და ხელოვნურ რეზერვუარებს და მოისმინა ინფორმაცია სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესახებ.