ფრიული, ვენეცია, ჯულიას (იტალია) რეგიონში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა. ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8 სპორტსმენმა.ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები.
დახურვის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი. ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს. საქართველოს, როგორც 2025 წელს ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა.
წინა დღეს კი, მომავალი ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა ქალაქ ტრიესტში (იტალია) გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ,, ბორჯომ-ბაკურიანი 2025-ის’’ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე.
სპიროს კაპრალოსმა მიესალმა რა სტუმრებს მადლიერება გამოხატა, რომ მორიგ ევროპულ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს. ,, გილოცავთ ფესტივალზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მაღალ დონეზეა სპორტის რამდენიმე ზაფხულის სახეობა თქვენთან, ვიცით თქვენი სპორტსმენების წარმატების შესახებ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში გექნებათ წარმატებები სპორტის ზამთრის სახეობებშიც – საფესტივალო ინფრასტრუქტურის შექმნა და თავად ფესტივალის ჩატარება ერთგვარი სტიმული იქნება თქვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისათვის. საქართველო და ბაკურიანი იმიტომაც შეირჩა, რომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჰყავს ძლიერი და გამოცდილი ხელმძღვანელობა, რომ ამ გუნდმა წარმატებით ჩაატარა 2015 წელს ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი. ჩვენ გვჯერა თქვენი და მივესალმებით, რომ თქვენს გვერდითაა ქვეყნის მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი “ – აღნიშნა სპიროს კაპრალოსმა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით. ,,ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამ ადგილმდებარეობაზე მასშტაბური და კომპლექსური სპორტული ღონისძიებების ჩატარება რთული იქნება. მითუმეტეს, როცა დროის მოკლე მონაკვეთში შესაქმნელია შესაბამისი საფესტივალო ინფრასტრუქტურა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით და კარგად ჩავატარებთ ფესტივალს. ამ რწმენას მიმყარებს 2015 წელს თბილისში წარმატებით ჩატარებული ზაფხულის ევროპული ფესტივალის გამოცდილება. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრის თეა წულუკიანის, დედაქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, დარგობრივი სამსახურებისა და უწყებების ხელმძღვანელების მხარადჭერა და თანადგომა. რათქმაუნდა ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ასე იქნება “ – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
მამუკა ხაბარელმა ისაუბრა ,,ბორჯომ-ბაკურიანი-2025 “-ის საორგანიზაციო კომიტეტის ფორმირებასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საფესტივალო კონტრაქტის ხელმოწერის ორგანიზებაზე ,, კონტრაქტის ტექსტი ყველა მხარესთან შეთანხმებულია. ხელმოწერაც ახლო მომავალში გაიმართება საქართველოში“ – აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.
,,დიდი პატივია, რომ ჩვენს რეგიონში კერძოდ ბაკურიანში ორი წლის შემდეგ ჩატარდება ევროპული ფესტივალების გახსნა-დახურვის ცერემონიალები და პროგრამით გათვალისწინებული ყველა შეჯიბრება ღია თოვლზე. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ კონტინენტის ჭაბუკმა სპორტსმენებმა ბაკურიანში თავი იგრძნონ კომფორტულ ატმოსფეროში, მიეცეთ მათი საუკეთესო სპორტული შედეგების ჩვენების შესაძლებლობა და დაუბრუნდნენ მშობლიურ ქვეყნებს მდიდარი პოზიტიური შთაბეჭდილებებით. ხვალ კი მზად ვართ მივიღოთ საფესტივალო დროშა“ -აღნიშნა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
ეკატერინე ორჯონიკიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ბაკურიანზე. მის მდიდარ სპორტულ ტრადიციებზე. ,, კარგი იქნება თუ საფესტივალო კონტრაქტზე ხელმოწერის თარიღი დაემთხვევა თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტის დასაწყისში ბაკურიანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილის, სნოუბორდსა და ფრისკში. სიამოვნებით ვეპატიჟებით ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელობას მსოფლიოს ჩემპიონატზე- თქვენც უშუალოდ მოინახულებთ იმ ტრასებსა და ადგილებს, სადაც 2025 წელს ჩატარდება საფესტივალო შეჯიბრებები“ – აღნიშნა ეკატერინე ორჯონიკიძემ.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წელს უმასპინძლებს.