ფინალურ შეხვედრაზე 10 გუნდი შეჯიბრების მთავარი პრიზის – მოაზროვნე ბუს მოსაპოვებლად იბრძოდა.
15 კითხვის ბოლოს, უმაღლესი ქულით შეჯიბრის გამარჯვებული მე-6 საჯარო სკოლის გუნდი ,,ვიქტორია” გახდა. მე-2 და მე-3 ადგილები კი ბორჯომის N3 საჯარო სკოლის გუნდებს ,,ფენიქსიას” და ,,ჰუმანურებს” შორის გადანაწილდა.
გამარჯვებულებს ბუს ქანდაკება და წიგნები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მოადგილემ გიორგი ფერაძემ გადასცეს. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს გამარჯვებული გუნდის ექსკურსიას ვარძია-რაბათის მიმართულებით.
გამარჯვებული გუნდიდან გამოვლინდა ასევე საუკეთესო მონაწილე. გუნდის მოთამაშეების გადაწყვეტილებით, ეს ტიტული საბა გელაშვილს მიენიჭა. მას მეგა ტექნიკის მაღაზიის მფლობელისგან, დავით შონიასაგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
სიგელები მიიღო ფინალისტი გუნდების ყველა მონაწილემ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი წიგნები გადაეცათ.
ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება ბორჯომში ტრადიციაა. მისი ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტ-კლუბია. შეხვედრას №3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. გამოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა №3 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი.