2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ნუნუ მიცკევიჩი: „როგორც ცნობილია, გამოცდებთან დაკავშირებით წელს გვაქვს სიახლე: აბიტურიენტებისთვის გაფართოვდა მესამე არჩევითი სავალდებულო საგანის ჩამონათვალი – ისტორიასა და მათემატიკასთან ერთად მათ შეუძლიათ ჩააბარონ მაპროფილებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც თავად აირჩევენ სასურველი პროფესიის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში კი თუ აბიტურიენტებს გამოცდის დღეს დადასტურებული ექნებათ კოვიდი და რეგისტრირებული იქნებიან ჯანდაცვის ბაზაში ჩვენ მათთვის დავაორგანიზებთ დამატებით სესიას და ისინი შეძლებენ შესაბამისი საგნის ჩაბარებას.
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელმა პირმა პირბადე თან უნდა იქონიოს.
წინა ორი წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე განსხვავებულ გარემოში გვიხდებოდა გამოცდების ორგანიზება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სრულად იყვნენ ჩართული გამოცდების საორგანიზაციო საკითხებში.
ასევე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ყოფილ აბიტურიენტებს, უკვე სტუდენტებს, რომლებმაც მაღალი თვითშეგნებით ჩვენთან ერთად გაიარეს რთული პერიოდი.
მსურს, წარმატება ვუსურვო 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ თითოეულ ადამიანს!“
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი მედიას სოფიო გორგოძემ გააცნო და საორგანიზაციო დეტალებზე ისაუბრა.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი
- საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი
- მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2696