შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, უწყების 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე ინფორმაციას 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. უსაფრთხოების მიმართულებით 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება – 446 ობიექტზე.
შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000 მდე დასაქმებულ პირს.
2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა 58 830 აქტივობა, 13 612 ობიექტზე, მათ შორის იყო კოვიდ19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ასევე, შრომის ინსპექციის სამსახური, ოფიციალურად გახდა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. რაც მნიშვნელოვანი შედეგია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
2021 წელს არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, დასაქმებულთა ინფორმირების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, როგორც სატელევიზიო ისე სოციალურ მედიაში.