ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ -ს ინიციატივით, უკვე მეორე წელია, რაც ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, სხვადასხვა სადღესასწაულო დღეებში ახალციხის მუნიციპალიტეტში წიგნიერების საქველმოქმედო აქცია „წიგნი ყველა ბავშვს“ იმართება.
ზაფხულში, ბავშვთა საერთაშორისო დღესასწაულთან დაკავშირებით, წიგნიერების აქციის ფარგლებში, ბატონი ანტონის მხარდაჭერით უკვე გადავეცით წიგნები სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას, სოფელ ღრელის საბაზო სკოლას, სოფელ საყუნეთის ბიბლიოთეკას და შშმ პირთა დღის ცენტრს – კავშირი ,,თანადგომა შვილებს”.
ამჯერად წინასაახალწლო აქციის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატის ახალციხის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ახალციხის მე-7 საჯარო სკოლას (დირექტორი – ლალი კარკაძე) და ვალეს #1 საჯარო სკოლას (დირექტორის მ/შ: ირა გიორგაძე) ვსტუმრობდით.
ამ სკოლების ბიბლიოთეკებს მაჟორიტარი დეპუტატის საახალწლო საჩუქარი – მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით და მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითა თუ სხვადასხვა ნუგბარითაც გავახარეთ.
ორივე სკოლაში, ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს არამარტო ამ საახალწლო საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.
განსაკუთრებით ემოციური იყო ჩვენი სტუმრობა ახალციხის მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც რეგიონში ერთადერთი სკოლა-პანსიონია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის.
ბავშვებს კარნავალი ჰქონდათ და საახალწლო კოსტიუმებში გამოწყობილები თავიანთ „სანტა კლაუსთან“ ერთად ცეკვავდნენ, თუმცა ჩვენი საჩუქრების დანახვა განსაკუთრებულად გაუხარდათ და სიყვარულით შემოგვეხვივნენ, დიდი სითბო და მადლობები გამოგვატანეს აქციის ორგანიზატორებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელიც მათთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო „თოვლის პაპა“ აღმოჩნდა.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი