ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, 3 დეკემბერის მოწვევის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
ბორჯომის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომის №36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
ლევან დევიძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, ბორჯომის საკრებულოს 2 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი.
საკრებულოს სხდომას 33 დეპუტატიდან 31 დაესწრო. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით, 25 ხმით, ხმათა უმრავლესობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომერედ დავით ზაალიშვილი აირჩიეს. ზაალიშვილი აქამდე ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. აღმასრულებელი ორგანოს შემდეგ, მან საკანონმდებლო ჩაიბარა.
ფარული კენჭისყრის პრინციპით აირჩიეს მოადგილეებიც. აქამდე თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.
ფარული კენჭისყრით, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე გახდა. ასევე მოადგილეებად აირჩიეს ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე. ჯუმბერ კურტანიძე საკრებულოს უხუცესი წევრია. სამივე მოადგილე „ქართული ოცნებიდანაა“. თავმჯდომარეების ასარჩევად, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებმა.
ახლადარჩეულმა საკრებულომ კომისიებიც დააკომპლექტა. ბორჯომის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 5 მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო — საბიუჯეტო, ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიას ელზა კუჭუხიძე, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას მერაბ იობაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას სალომე თედელური, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიას მამუკა ლურსმანაშვილი, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიას მაკა მანჯავიძე უხელმძღვანელებს.
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია იმ ორმა პარტიამ შექმნა, რომელსაც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 3-ზე მეტი წევრი ჰყავს შეყვანილი. ესენია: „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ბორჯომის საკრებულოში ფრაქციას «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ვახტანგ ქვათაძე უხელმძღვანელებს, ფრაქციაში ორივე წევრი მისი მოადგილეა. ფრაქცია «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარე კი ლევან თედიაშვილი გახდა. ფრაქციის შვიდივე წევრი თედიაშვილის მოადგილეა.
დეპუტატებს სიტყვით მიმართა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა.
,,თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მუნიციპალიტეტების განვითარება არსებითად ახალ ეტაპზე გადადის.
მომდევნო ოთხი წელი იქნება სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წლები, ხოლო არჩეულ მერებს და საკრებულოს დეპუტატებს მმართველი გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაც მთავარია, მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყოველდღიურად გაკონტროლდება მუნიციპალიტეტების სამსახურებისა და მერების საქმიანობა, მუნიციპალიტეტების ხარჯების ნაწილი და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საჭიროებებისთვის ზრუნვაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობრივ დონეზეც ეფექტურად და ღირსეულად უნდა განხორციელდეს, რათა მომდევნო წლებში მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ის პროგრესი, რასაც უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები უზრუნველყოფს,»- განაცხადა დავით ზაალიშვილმა.






