ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებულ საკითხს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. ცესკომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, ვადის ათვლაც საბოლოო შედეგების შეჯამებიდან დაიწყო. საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
რაც შეეხება მერის უფლებამოსილების ვადებს, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. შესაბამისად, თბილისის მერის უფლებამოსილება იწყება 24 ნოემბერს, ხოლო იმ მუნიციპალიტეტების მერების, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა – 21 ნოემბერს.