8 სექტემბერი, 2021 – – „ერთი ქვეყნის ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“, ასე ეწოდება ახალ, გლობალურ ინიციატივას, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საფუძველი ჩაუყარა. ინიციატივის მიზანია, განავითაროს გამორჩეული და განსაკუთრებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვები, გააძლიეროს მცირე საოჯახო მეურნეობები და მხარი დაუჭიროს აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად.
გამორჩეულ აგროპროდუქტებში იგულისხმება უნიკალური თვისებების მქონე ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციებთან ასოცირდებიან და ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ამ პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანსაღ კვებას, ფერმერთა გაძლიერებას და ეკონომიკურ წინსვლას, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.
ინიციატივის ფარგლებში, უნიკალური აგროპროდუქტებისთვის მოხდება სასურსათო წარმოების ოპტიმიზაცია, დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა, აგროქიმიკატების მოხმარების შემცირება.
ონლაინ ჩატარებულ შეხვედრას FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, ასევე სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში შექმნილი ხეხილის ბაღები, შესაძლოა, ამ გლობალური ინიციატივის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, ეს კარგი მაგალითი იქნება მწვანე ღირებულებათა ჯაჭვის პოპულარიზაციისთვის, მდგრადი წარმოების განვითარებისა და პროდუქტის დამუშავება-დასაწყობების გრძელვადიანი დაგეგმვის განსახორციელებლად. „ახალი გლობალური ინიციატივის წარმატება რეგიონის ყველა ქვეყნის ჩართულობასა და კოოპერაციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა კუ დონჟუმ.