ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ.
დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.
ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება:
· საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად,
· მეორე- არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;
· მესამე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.
სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი – მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან.
რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები.
მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასებების გარეშეც, ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც.
აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე გვეყოლება სულ მცირე ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 35%. არჩევნების დღისთვის კი, არსებული ტემპებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, აქ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა. თავად ჩვენ, პარტიებმა, უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და უზრუნველვყოთ საარჩევნო კამპანიის კოვიდუსაფრთხოდ ჩატარება. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიდგომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და ეს რჩება ჩვენ მიდგომად დღესაც. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვგეგმავთ ჩვენს წინასაარჩევნო აქტივობებს და სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ათასობით აქტივისტთან, რათა ჩვენივე აქტივის გადაცდომებზე დროული და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. სწორედ ამასვე მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს: ნაცვლად არჩევნების, როგორც ხალხის ძალაუფლების გამოხატვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება.
არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.