სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34,600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27,680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სამკერვალო საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა ხულოს მუციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამკერვალო საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.
„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო დაფინანსდა; აღნიშნული პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული 30-ზე მეტი პროექტის თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია, ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი 5,5 მლნ ლარს აჭარბებს“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
“საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სოფლის განვითარების ალტერნატიული გზა, რომელიც სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მდგრადი ბიზნესის მოდელს ეყრდნობა. დღეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოდის, ამ უნიკალურ რეგიონს კარგი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ეს ახალი მიდგომა დანერგოს“,- აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
სამკერვალო საწარმოში სამუშაო პროცესის გასაცნობად, ასევე იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.