ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
ცესკოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურების – ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ჯგუფების ფორმატში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობენ, რომლის გამოყენებაც უახლოეს მომავალში სატესტო რეჟიმში, სიმულაციურად იგეგმება.
სამუშაო შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი“.
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს.