ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისისა და რეგიონების სამხარეო ცენტრების ხელმძღვანელებთან და სოციალურ აგენტებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ბიზნეს პროცესებზე ისაუბრეს.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებისგან იმ საჭიროებების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც მათ ამ დროისთვის COVID 19-პანდემიის პირობებში სამუშაოს შესრულების პროცესში გააჩნიათ.
საუბარი შეეხო სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის საკითხს, რომელიც, როგორც ბენეფიციარების საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. განიხილეს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების, ანაზღაურების და დასაქმებულთა გადამზადების საკითხები, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე მიმდინარეობს.
თამილა ბარკალაიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, კონკრეტულად კი სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირების წესში შესატან ცვლილებებს, რომელზეც მუშაობა საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით უკვე დაწყებულია.
ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სოციალური აგენტებიც ჩაერთვებიან და ქულების მინიჭების მეთოდოლოგიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ერთობლივად იმუშავებენ.
სოციალური გასაცემლები, ეს არის მიზნობრივი სოციალური პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასაცემლების წყაროს და პროგრამას სოციალურად დაუცველებისთვის. ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები.
მეთოდოლოგია, რომლითაც მოქალაქეების მოწყვლადობის შეფასება ხდება 2015 წელსაა შემუშავებული. COVID 19-ის პანდემიის პირობებში ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილების შესაბამისად, აუცილებელია მისი გადახედვა, რათა სწორად შეფასდეს მოქალაქეთა საჭიროებები.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და მათ მუდმივი და ინტენსიური კომუნიკაცია ექნებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისთან.
2021 წლის 21 აპრილიდან, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, თამილა ბარკალაიას საკურატორო მიმართულებებს სოციალური პოლიტიკა სრულად დაემატა. შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძეც ესწრებოდა.