ევროპული საქართელოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას ჯერ არ დაუკმაყოფილებია განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, დეკემბრის თვეში, მას, როგორც მოქმედ დეპუტატს, დაერიცხა საპარლამენტო ხელფასი. ბაქრაძის თქმით, როგორც მისი, ისე მთელი ოპოზიციის განზრახვა იყო, რომ ამ ხელფასით გაჭირვებული მოსახლეობა გაემხნევებინათ წინასაახლაწლოდ და საჩუქრები მიეტანათ.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანამ ქართული ოცნება არ შეწყვეტს უფლებამოსილებას და არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასი, მანამ გაგრძელდება ასეთი დამხარებების დარიგება თბილისის სხვადასხვა რაიონში.
„როგორც ცნობილია, ქართული ოცნება ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, ამიტომ დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, დამერიცხა ხელფასი და ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისევე როგორც მთელი ოპოზიციის და ჩვენი კოლეგების, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისათვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ.
დღეს ადამიანებს ძალიან უჭირთ, ძალიან ბევრი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ახალი წელი იმედის და სიხარულის დღესასწაულის მაგივრად არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, თუ რამდენად უჭირთ და რამდენად უიმედოდ არიან და ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ამ ხელფასით ასეთი ადამიანები შეძლების ფარგლებში გაგვემხნევებინა, მიგვეტანა მათთვის საჩუქრები, გვეგრძნობინებინა მათთვის საახალწლო სითბო და მზრუნველობა, რომ ჩვენი საზოგადოება ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე, განსაკუთრებით მარტოხელებზე და ასაკოვან ადამიანებე.
ამრიგად, დღეს ისნის და სამგორის რაიონებში დავარიგეთ დახმარება, რომელიც შეძენილია საპარლამენტო ხელფასით და სანამ არ შეწყდება უფლებამოსილება, სანამ ქართული ოცნება არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და შესაბამისად, არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასიც, ყოველთვიურად ასეთ დახმარებებს დავარიგებთ თბილისის სხვადასხვა რაიონში.“ – განაცხადა ბაქრაძემ.