ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ “Swril Wine Group” ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა.
ღვინის ონლაინ ტური, ჯამში, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას “Swril Wine Group”-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა, რომელმაც ტურის მონაწილეებს საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია გააცნო.
ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის – „თბილღვინო”, „თელიანი ველი”, „მეღვინეობა ხარება”, „ლაგვინარი”, „დაქიშვილის საოჯახო მარანი” და „ორი მარანი” პროდუქციას.
აღნიშნული კომპანიების ღვინოები, რომელიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაგზავნილი, “Swril Wine Group”-ის მიერ ტურის მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნა.
სარა ებოტის შეფასებით, ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის ონლაინ-დიალოგი საინტერესო, პროდუქტიული გამოდგა და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ქართულ ღვინო შეფასდა როგორც „უნიკალური ღვინო“.
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მსგავს ონლაინ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.
ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160 644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.