ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება.
უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.
საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს როგორც სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ისე სატელეფონო შეტყობინებებით მიაწვდის ინფორმაციას ვადის გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, დამატებით ხვალ დილითაც, ოფიციალური განცხადების საშუალებით, კიდევ ერთხელ შეახსენებს აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0), 27 ოქტომბრის 14:00-მდე და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
არჩევნებში ჩართული მხარეების, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის საქმიანობის მაქსიმალურად ხელშეწყობისა და სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება მათთვისაც გაგრძელდეს რეგისტრაციის მოთხოვნის ვადა მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.