გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
ყველაზე მეტი – 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 99 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 95, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 19, წიაღის უკანონო მოპოვების – 21, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 17, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის – 14, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის – 12, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 12, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 10, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი. სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 11 ფაქტია გამოვლენილი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 210 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 101 ფაქტი, აჭარასა და გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 50, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, ქვემო ქართლში – 30, შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის სექტემბერში, თბილისში 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 286 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.