“ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები ბორჯომში ამომრჩევლებს შეხვდნენ.
ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერმა საარჩევნო პროგრამა გააცნო.
52 გვერდიანი პროგრამა სხვადასხვა სფეროს განვითარების ხედვას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მოიცავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციის პრობლემების მოგვარებასა და ეკონომიკას. ხოლო წინა არჩევნების მსგავსად, შენარჩუნებულია უბლოკო სტატუსი.
ნინო ბურჯანაძემ საარსებო მინიმუმის გაზრდაზე, საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე, კომუნალური გადასახადების შემცირებასა და მცოცავ ოკუპაციაზე ისაუბრა.
- COVID-19-ის გამო ბორჯომი, როგორც ტურისტული ცენტრი, სამწუხაროდ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი დასაძლევი აქვს. ჩვენ ჩვენს ძალებსა და გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებთ პრობლემების მოსაგვარებლად. კრიზისისგან თავის დაღწევას სჭირდება ძალა და მართვის გამოცდილება.
დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზული მხარდაჭერა გვექნება ამ რაიონში, მითუმეტეს ჩემს გვერდით არის ქალბატონი მაია ხრიკაძე, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენი პარტიის ერთგული წევრია და ადამიანი, რომელიც ჩვენს პარტიას ძალიან აქტიურად ხელმძღვანელობს ამ რაიონში, და ბორჯომელებს აქვთ შანსი, რომ პირადი წარმომადგენელი ჰყავდეთ საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ ქალბატონი მაია არის მეცხრე ნომერი ჩვენს ათეულში.
დაფიქრდით, ვის აქვს ძალა და გამოცდილება! რომელ გუნდს შეუძლია პრობლემების მოგვარება! ვინ არ იტყუება! – აღნიშნა პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
იზა იანვარაშვილი