საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე.
თამარ ქიტიაშვილი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა.
პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იგივე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში“.
აღსანიშნავია ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
როგორც ცნობილია, პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირებისთვის პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების უმოკლეს გზას წარმოადგენს. წარმოდგენილი ინიციატივა კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.