დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა შეეზღუდება.
“წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და ეს გაიტანოს, ნებისმიერ პირთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, კოორდინატორი თუ ჩვეულებრივი უბნის ბიჭი, ვისაც დავალებული აქვს ხმების მიტანა. დიდი ხნის წინ მე განვაცხადე ინიციატივა, რომ შეიქმნას პირობა, საშუალება, რომ ჯიხურში ამომრჩეველმა არ შეიტანოს ტელეფონი და ამით შევქმნათ საშუალება, რომ თვითონ ამომრჩეველი გათავისუფლდეს ამ წნეხისგან. პარლამენტის წარმომადგენლებისგან რეაგირება ნულოვანია. მომავალში, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თვითონ დავწერ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს და იმ იდეებს, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გუნდში. დღეს მე წარვადგენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს საშუალება საარჩევნო ჯიხურში შეიტანოს ტელეფონი”,- აღნიშნა ანა დოლიძემ. წერილი საქართველოს პარლამენტს უკვე ჩაბარდა, თუმცა დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აქვს იმედი, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ამ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რადგან მათთვის ხალხის პრობლემები მნიშვნელოვანი არ არის.