საარჩევნო პროცესების მიმართ ყოველთვის არის მაღალი საჯარო ინტერესი.
საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის საჯაროობის პარალელურად, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა უფლებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა.
ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
საარჩევნო პერიოდში მუშავდება ამომრჩეველთა როგორც ,,ჩვეულებრივი“, ასევე „განსაკუთრებული კატეგორიის“ მონაცემები, რომელთა დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
ინფორმაცია პირის პოლიტიკური შეხედულების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და იგი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა ასევე საჭირო ამომრჩეველთა სიის მიმართ. იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მიზნებისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად; არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მონაცემები არამართლზომიერი მიზნით; დაამუშაონ მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული მოცულობის მონაცემები და მოპოვებული მონაცემები წაშალონ ან გაანადგურონ, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდგომ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფისა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. მათ შორის, სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე უკვე გადაამზადა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ოპერატორები; გამოყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციას გაუწევს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს; შეიმუშავა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ამომრჩევლებს და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სუბიექტებს/პირებს გაუწევს დახმარებას პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე.
ზემოაღნიშნული პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეაგირებას მოახდენს საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევაზე.
პერსონალური მონაცემთა დამუშავების საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ან/და მონაცემთა კანონის შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებული პირებს შეუძლიათ მომართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7; ტელეფონი: 242 1000.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო დოკუმენტი, იხილეთ მოცემულ ბმულზე: