ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ორი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მსჯელობს კენჭისყრის დღისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესამუშავებელ რეკომენდაციებზე.
15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია რეგულაციები არჩევნების დღისთვის. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დადგენილების პროექტში უკვე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი სრულყოფის მიზნით კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.
სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის (199-ე მუხლის მე-5 პუნქტი) საფუძველზე, დადგენილებით უნდა განსაზღვროს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენურ წესები.