გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მიზანია მეჩაიეობის და მეფუტკრეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში და მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის, მეფუტკრეობის პროდუქციისა და ყველის პოპულარიზაცია.
„აქ წარმოდგენილია სამი მსხვილი ასოციაცია, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებენ, ჩვენ კი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით ვეხმარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი მეწარმეები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ბრენდინგს, შეფუთვას, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი ევროპის ბაზარზე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია. ეს კი საშუალებას მოგვცემს მეტად გავაძლიეროთ ეკონომიკა აგროსასურსათო მიმართულებით,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ.
ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაის 10-მა კომპანიამ, თაფლის 12-მა და ყველის 25-მა მწარმოებელმა მიიღო. მთაწმინდაზე მოსული სტუმრებისთვის მოეწყო წარმოდგენილი პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ფესტივალი მთაწმინდის პარკის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის და კავშირი-ასოციაციის „აგორა“ მხარდაჭერით გაიმართა.