საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუს) განთავსებული პროფესიული ტესტირების საგამოცდო სივრცე დაათვალიერა და პირადად გაეცნო გამოცდის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, საგამოცდო ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ანალოგიურად მზადაა საქართველოს მასშტაბით არსებული საგამოცდო ცენტრები, სადაც აპლიკანტებს შექმნილი აქვთ ყველა პირობა იმუშაონ მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდა. იმ პროფესიულ პროგრამებზე, სადაც რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა არ აღემატებოდა თავისუფალი ადგილების რაოდენობას, პროგრამებზე აპლიკანტების მიღება შიდა შერჩევის გზით მოხდა. იმ პროფესიულ პროგრამებზე კი, სადაც რეგისტრანტთა რაოდენობა თავისუფალი ადგილების რაოდენობას აღემატება, მსურველები პროფესიული ტესტირების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება აპლიკანტებისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო ცენტრებში. მანამდე კი, ყველა აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს ონლაინ ფორმატში გაეცნონ ტესტის ნიმუშებს და გაიარონ საცდელი ტესტირება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ფორმატში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის საშუალებით – www.naec.ge.