„სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები, მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ახალშენი ვენახები. ჩვენს ფერმერებს, ფაქტობრივად, ახლიდან უწევთ ბაღების და ვენახების გაშენება. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, მოიცავს ყველა რეგიონს და ფერმერებს საშუალებას მისცემს, განაახლონ დაზიანებული ბაღები. სახელმწიფო 100%-ით აანაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. თუ ჩვენი ფერმერები გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლოვანი კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით, მათ პროგრამის ახალი კომპონენტი ამის საშუალებასაც აძლევს. ეს ეხება როგორც მრავალწლოვანი კულტურების ბაღებს, ისე ვენახებს, გარდა რქაწითელის ჯიშისა. ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება, რაც გვინდა, რომ დავაბალანსოთ. შესაბამისად, ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც კომერციულად შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს და მეტი ღირებულება ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.