დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებს შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაში ეხმარება.
აღნიშნული პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სოფლად სახლი, ჯამში, უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, სოფლად სახლი, დამატებით, 500-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.