ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა საქართველოსა და ფინეთს, საქართველოსა და ისლანდიას, საქართველოსა და ირლანდიას, საქართველოსა და ლუქსემბურგს, საქართველოსა და სლოვენიას შორის გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში შესული ცვლილებების სინთეზირებული ტექსტები.
აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის (MLI) ძალაში შესვლის შედეგად შესული ცვლილებები.
კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს. მისი მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://mof.ge/5127