პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდნენ.
მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.
შეხვედრისას, მთავრობის მეთაურს, სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები წარუდგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ – ფინანსთა მინისტრმა.
აგრეთვე, განიხილეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა. ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო.