გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ… დღევანდელი სტუმარია მწერალი სალომე ბენიძე.
– რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
– წამი, როცა ფიქრობ, რომ არაფერი გინდა, გარდა იმისა, იყო აი, აქ და ახლა.
– ბოლოს როდის გაიცინეთ?
– სულ ვიღიმი, მაგრამ გულიანად ბოლოს წუხელ ვიცინე, ფილმის ყურების დროს.
– ბოლოს როდის იტირეთ?
– რამდენიმე დღის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა.
– თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
– ერთგულება.
– ყველაზე დიდი ნაკლი?
– სიჯიუტე.
– ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
– ძალიან რთულია, მეყოს სითავხედე, რომელიმე ისტორიულ გმირს შევედარო, მაგრამ, ალბათ, სხვა რეალობაში სუფრაჟისტი ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვიქნებოდი.
– ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
– ჩემი გმირები დღეს არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ სამყაროს წონასწორობა და იბრძვიან საკუთარი და სხვების უფლებებისთვის.
– თქვენი მხატვრული გმირები?
– ჰერმიონ გრეინჯერი, ანიკა, შაჰრაზადი, ესთერ გრინვუდი და ერისენა ტენეცკაია.
– ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
– ალბათ, მექსიკაში.
– თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
– სიკეთე.
– ქალში?
– სიკეთე.
– საყვარელი მწერლები?
– სალმან რუშდი, მილორად პავიჩი, სილვია პლათი.
– საყვარელი კომპოზიტორი?
– ასტორ პიაცოლა.
– ფილმი?
– ფედერიკო ფელინის „ამარკორდი“.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
– ადამიანებს, რომლებიც გარშემო მყავს.
– რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
– ჩემი მეგობრები და ჩემი პრინციპები.
– თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
– მამაჩემისა და ჩემი მეგობრების გარდაცვალების თარიღებს.
– რა არის თქვენთვის სამშობლო?
– როგორც ნაჯიბ მაჰფუზი ამბობდა, ადგილი, სადაც მთავრდება გაქცევის ყოველგვარი მცდელობა.
– რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
– ვმუშაობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, სულ ვმუშაობ.
– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– მარტოობის.
– როგორ ისურვებდით სიკვდილს?
– მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
– თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
– ყოჩაღ, შენ შეძელი, რომ გეცხოვრა.
წყარო: http://funtime.ge/